შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

16 მარტი 2021, 16:11 1031 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი ციხეში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ სასჯელი სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მოსამართლე სტურუა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე.

"ეს ისეთივე უკანონო გადაწყვეტილებაა, როგორც სტურუამ მიიღო წინასასამართლო პროცესზე როცა ისინი დამნაშავედ ცნო. ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო მას რამდენი წლით მიუსჯიდნენ თავისუფლების აღკვეთას. მთავარია ერთი რამ, რომ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება დღეს სტურუამ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა. სტურუამ ამ გადაწყვეტილებით აიწყო კარიერა და მალე ალბათ მათ ვიხილავთ უზენაეს სასამართლოში. ამას დაუფასებს პროკურატურა.

გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში. სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე. როგორც მტკიცებულებების არარსებობის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება" – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს 12 წელს ითხოვდა.

"გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე არ ფიქრობენ, რომელსაც მისი ოჯახი ვეღარასდროს დაიბრუნებს. მას სიცოცხლე მსჯავრდებულებმა მოუსპეს და ისევ მათი ოჯახის წევრები ქუჩაში გამოდიან და ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ ,- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში