მთავარი მსოფლიოში

16 მარტი 2021, 20:00 1298 ნახვა

შვედეთმა  ბრიტანულ-შვედური კომპანიის ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერა.  შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ამბობს, რომ  ეს ზომა პრევენციული ხასიათისაა.  ვაქცინის გამოყენება მანამდე შეწყდება, სანამ ევროპის წამლების სააგენტო პრეპარატის  სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესწავლას არ დაასრულებს.  შვედეთი რიგით მე-20-ე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც აზტრაზენეკის ვაქცინის გამოყენების აკრძალვა გადაწყვიტა.   მიზეზი აცრილთა  შორის თრომბოზის განვითარება გახდა. 2. საფრანგეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მესამე ტალღა დაიწყო.  ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  ახალ  ტალღას  პათოგენის  უამრავი ვარიანტის ცირკულაცია ახასიათებს.  დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ბრეტანის ოლქში  კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. ექიმების თქმით, ახალ შტამს რაიმე უფრო სერიოზული სიმპტომი არ აღენიშნება და ის არც მეტად გადამდებია.

რუსეთი, ტერორიზმი,  ჩინეთის აღმავლობა და კლიმატური ცვლილებები ნატოს მთავარი საფრთხეებია.  ამის შესახებ დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა , რომელმაც 2020 წელს ორგანიზაციის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.  სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ,  მათ შორის სამხედრო სფეროშიც, რაც მომავალში  ნატოს უსაფრთხოების  გამოწვევებს განსაზღვრავს.  მნიშვნელოვანია, რომ  ნატომ გააგრძელოს ავტორიტარული ჩინეთისა და უფრო აგრესიული რუსეთისგან მომდინარე  გამოწვევებისადმი ადაპტაცია-განაცხადა სტოლტენბერგმა.  მისივე თქმით, სტრატეგიაში   „ნატო-2030“, რომელსაც მიმდინარე წელს ალიანსის სამიტზე წარმოადგენენ,  საფუძვლიანად არის  ასახული  რუსეთისადმი ახალი მიდგომა.

კატალონიის მუნიციპალიტეტის ქალაქი  სან-კუგატ-დელ-ვალიესი ანტიმონარქიულ ქალაქად, ხოლო ესპანეთის მეფე ფილიპ VI პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.  გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ადგილობრივი მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირეს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის წარმომადგენლებმა. ისინი  აცხადებენ, რომ მონარქია, როგორც ანტიდემოკრატიული ინსტიტუტი, მემკვიდრეობით უფლებაზეა აგებული, შესაბამისად "ფრანკოს რეჟიმის მემკვიდრედ" გამოდის.   

თურქეთი ტურისტების მიღებისას კოვიდინფიცირების სტატისტიკასა და ვაქცინაციის  წარმატებულ პროგრამაზე  გაამახვილებს ყურადღებას.  ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეტ ნური ერსოის თქმით,  ტურისტების მიღებისას კოვიდ-19-ის დაავადების დღიურ მაჩვენებელს და ვაქცინაციის პროგრამებს გაითვალისწინებენ იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩადიან. ერსოის თქმით , 15 აპრილამდე თურქეთში სამოგზაუროდ უარყოფითი შედეგით პი-სი-არ ტესტის წარდგენაა სავალდებულო.  მინისტრის მონაცემებით,  დღეისთვის თურქეთში 11 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, აპრილის ბოლოსთვის ესციფრი 60 მილიონამდე გაიზრდება, რაც დაავადების დღიურ ზრდას შეამცირებს  და თურქეთში ჩასულ  ტურისტებს  გაცილებით უსაფრთხო გარემო დახვდებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში