ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობაზე " საზოგადოება ბათომის" ადმინისტრაციულ საჩივარს განათლების სამინისტროში განიხილავენ

17 მარტი 2021, 11:35 1145 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროში ,,ბათომის“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. 

სამინისტროს განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, სხდომას ესწრებიან  ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეები, მათი წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 

სხდომას არ ესწრება განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მინისტრის ბრძანებით იურიდიული დეპარტამენტის პრეროგატივაა და მაია ჯახიშვილი ამიტომ არ იმყოფება ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

"ბათუმის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, მიმდინარეობს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავება, პირველი ეტაპი ამ გეგმის უკვე შემუშავებულია, რომელიც შეეხება სახელოვნებადმცოდნეო კვლევის მომზადებას. ეს კვლევა გუშინ ჩაგვბარდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან, რომელიც რამდენიმე ხელოვნებადმცოდნეს მიერ არის მომზადებული. სამშენებლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ამ შემთხვევაში დაობთ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო ტერიტორიას და ეს კვლევა უშუალოდ ეხება ამ ტერიტორიაზე რამდენად დასაშვებია ზოგადად მსგავსი მასშტაბის ობიექტების მშენებლობა" - განაცხადა " საზოგადოება ბათომის" იურისტმა.

თამარ სირიამ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის შუამდგომლობა, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის პროექტზე  ხელოვნებათმცოდნეების გამოკითხვის თაობაზე. შპს "ამბასადორის" წარმომადგენელი და სააგენტოს დირექტორის მოადგილე შუამდგომლობის დაყენებას საჭიროდ არ თვლიდნენ.

"ასე შეიძლება მეორე მხარემაც მოითხოვოს, რომ სხვა ექსპერტები დაიკითხოს. დავეთანხმები ამ შემთვევაში შპს "ამბასადორის" წარმომადგენლებს, რომ წარმოდგენილია წერილობითი დასკვნები. ვერ დავეთანხმები მეორე მხარის პოზიციას, რომ წერილობით დასკვნა სრულად ვერ ასახავს საქმის შინაარსს, იმიტომ, რომ დასკვნა იმისთვის არის დასკვნა, რომ იქ საქმისათვის საჭირო ყველა გარემოება ამომწურავად იყოს გამოყოფილი. გარდა ამისა მათ მიერ წარმოდგენილია უკვე სრულიად ახალი დასკვნა, სადაც ერთ-ერთი გამოსაკითხი ხელოვნებათმცოდნის პოზიციაც არის წარმოდგენილი. შესაბამისად ვთვლით, რომ ეს ყველაფერი პროცესს გააჭიანურებს" - აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

შპს "ამბასადორის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბალნეოლოგიური შენობის განვითარება. მისივე განმარტებით, ისინი  კანონმდბელობის სრული დაცვით მოქმედებენ.

"საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ ფაქტში, რომ ''ამბასადორი ბათუმს'' არ დაუწყია მშენებლობა ბულვარში ცარიელ მიწის ნაკვეთზე, არამედ ეს იყო საბჭოთა კავშირიდან დაწყებული არსებული შენობა-ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ობიექტის სტატუსი. აქედან გამომდინარე  დღეის მდგომარეობით ,მიმდინარეობს აღნიშნული შენობის განვითარება და არა ცარიელ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები. კომპანიამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ყველა იმ დოკუმენტაციით, რომელიც საჭირო იყო კანონმდებლობის შესაბამისად პროექტის სამშენებლო ნებართვის მიღებისათვის. ერთდროულად ორი ხელოვნებადმცოდნის დასკვნა იქნა წარდგენილი, ნებართვის გაცემისას ჩართული იყო მესამე ადმინისტრაციული ორგანო კერძოდ მერია, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო"- განაცხადა "ამბასადორის" წარმომადგენელმა.

ხელოვნებადმცოდნე თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თავისთავად ეწინააღმდეგება ბულვარის კონცეფციას და მის რეკრიაციულ ხასიათს.

"ბულვარში კერძო სასტუმრო 16 სართულიანი თავისთავად ეწინააღმდეგება ბულვარის კონცეფციას. ბულვარის რეკრიაციულ ხასიათს. რაც ნიშნავს, რომ ეს არის მისი ძირითადი მახასიათებლების ხელყოფა. ეს არის ამომავალი წერტილი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რადგან თავიდან 4 სართულზე შეიტანეთ ნებართვა, შემდეგ პროცესში შეცვალეთ ეს ყველაფერი. ყველა ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ბათუმის ბულვარის გაჯანსაღება მოხდეს და არა ისეთი ობიექტის ჩადგმა, რომელიც აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას არა მარტო ბულვარზე, არამედ მთლიანად ბათუმის განაშენიანებაზე. კვლევა უნდა იყოს მთლიანად ბათუმის ბულვარის კონტექსტში განხილული. ის კი არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე შეიძლება თუ არა მშენებლობა, ის რა გავლენას მოახდენს ზოგადად ბულვარზე აი ეს კვლევა უნდა წარმოგედგინათ, რაც წარმოდგენილი არ გაქვთ. თქვენ წარმოადგინეთ შესაძლებელია თუ არა აქ 16 სართულიანის აშენება. ის ობიექტები, რომლებსაც თავად აქვთ პრობლემა არ შეიძლება სამაგალითო გახდეს ამ ობიექტისთვის, რომელიც უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსში მდებარეობს.

რეაბილიტიცაია-რესტავრაცია ეს არის ბათუმის ბულვარის რეკონსტრუქცია. ისევე როგორც, მოცულობის გაზრდა. როგორც ჩანს თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ არაფერზე" -განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

"საზოგადოება ბათომი“ და EMC ბულვარში "ამბასადორის" სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ იქ ხორციელდებოდა ისეთი ტიპის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ცხადყოფდა 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რაზეც 2019 წელს უარი მიიღო, დღეს კი რატომღაც თანხმობა. დაუსაბუთებელია მათი გადაწყვეტილება, როცა ისინი ეყრდნობიან კომპანიის მიერ წარმოდგენილ კვლევას, სადაც საუბარი საერთოდ არ არის უშუალოდ ძეგლზე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში