არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებული კაცის გირაოთი გათავისუფლებას პროკურატურა ასაჩივრებს

17 მარტი 2021, 17:22 716 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.

''პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ.-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა'' - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში