ბათუმის მე-17 ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

22 მარტი 2021, 12:02 1900 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 ბაღში აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.  სწავლა შეწყდა მხოლოდ იმ ჯგუფში, სადაც კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდა, სხვა ჯგუფის ბავშვები კი დღეს ბაღში გამოცხადდნენ. 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ შენობაში დეზინფექცია არ ჩატარებულა, სააღმზრდელო პროცესი კი მაინც განაახლეს. მისი თქმით, რეგულაციების თანახმად თუ კოვიდის შემთხვევა ფიქსირდება, ბაღი მუშაობას აჩერებს, რასაც აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს. 

ნინო შავთვალაძე ბაღების გაერთიანების უფროსს მუქარაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ თენგიზ აფხაზავა დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. 

"პარასკევს  ბაღში დაფიქსირდა კოვიდი, როგორც მე ვიცი შაბათ-კვირას არაფერი ჩატარებულა, არც ჩემთვის დაურეკია ვინმეს, რომ გასატესტად წავსულიყავი. დღეს დილიდან ჩვეულებრივ ღებულობენ ბავშვებს, მშობლებს წინასწარ არც აფრთხილებენ.  დირექტორი მოსულ ბავშვებს ეუბნებოდა, რომ კოვიდია ბაღში, მაგრამ არა თქვენს ჯგუფშიო.

მე ძაან შეშინებული ვარ პირადად. პედაგოგთან, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა, ყველანი მასთან კონტაქტში ვიყავით.  სამზარეულოში შედიოდა, გვქონდა აქტიური კონტაქტი, მისი ოთახიდან გამოგვქონდა ნივთები.

დირექტორმა შაბათ საღამოს დაურეკა ძიძებს და უთხრა, რომ დილით 7 საათზე მოხვალთ, ჩამორეცხავთ კედლებსო, მოიყვანა ძიძები, ჩამოარეცხია კედლები, რატომ მაინც ვერ გავიგე მონები ხომ არ ვართ. ასე გვითხრა, რომ ბატონმა თენგომ მომცა ეს განკარგულება. ყველა შეშინებულია რატომღაც, რადგან ინფორმაცია აქვთ, რომ ბატონი თენგო მატყუარა და უსაქმური მასწავლებლების გასათავისუფლებადაა მოსული. პანდემიის დროს სახლში, რომ ვიჯექით ბატონი თენგიზი ჩვენ გვადანაშაულებს - დასკუპებული იყავით სახლშიო. ვითომ ჩვენი ნებით ვიყავით" - განაცხადა ნინო შავთვალაძემ. 

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი კი ამბობს, რომ კონსულტაცია  საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებთან გაიარეს, სადაც უთხრეს, რომ ბაღის დახურვა საჭირო არ იყო და იზოლაციაში მხოლოდ ერთი ჯგუფი უნდა გადასულიყო. თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ შენობაში დეზინფექცია ჩატარდა და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, პედაგოგთან კონტაქტირებულ პირებს ჩაუტარდათ ტესტირებაც. 

რაც შეეხება მუქარის ბრალდებას, თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ ეს აბსურდული განცხადებაა. 

''პარასკევს დილით ერთ აღმზრდელს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ბაღში არ გამოცხადდა, დაუდგინდა კოვიდი, გადავიდა იზოლაციაში. შაბათ-კვირას  გვქონდა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაცია და ზედმიწევნით იქნა ყველა რეკომენდაცია შესრულებული. ბაღის დახურვას ასეთი შემთხვევა არ ითვალისწინებს, ითვალისწინებს მხოლოდ იმ ჯგუფის დახურვას სადაც ინფექცია დაფიქსირდა. დირექტორის ინიციატივით ბაღში კიდევ ჩატარდა დამატებით დეზინფექცია, რომელშიც ამ ქალბატონმა არ მიიღო მონაწილეობა და პრეტენზიები გამოთქვა. 

ის ყოველთვის არღვევს ბაღის შინაგანაწესს, რის გამოც მას ჰქონდა დისციპლინური სასჯელი გამოცხადებული. არანაირ მუქარას ადგილი არ ქონია, ეს აბსურდული ბრალდება, არავის ვემუქრები. უბრალოდ ზედმიწევნით ზუსტად ვითხოვ წესების და ინსტრუქციების დაცვას'' - ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცახდებენ, რომ გადაწყვეტილება ​ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებითა და რისკების გათვალისწინებით მიიღეს. ყველა ბავშვი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი მეთვალყურეობის ქვეშ არის. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში