გონიოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს - ისინი მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ 

23 მარტი 2021, 13:05 1567 ნახვა

ამ წუთებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გონიოს მოსახლეობას ხვდება. ისინი დღეს სამინისტროსთან დილიდან შეიკრიბნენ და აქციას მართავდნენ. მოქალაქეები ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და რამდენიმე წუთით კომახიძის ქუჩა გადაკეტეს. ამის შემდეგ მინისტრთან შეხვედრა ჩაინიშნა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ეუბნებოდნენ, რომ ჯაბა ფუტკარაძე სამინისტროში არ იმყოფებოდა და ვერ შეხვდებოდა. 

''რა არის დარღვევა, რა გავაკეთეთ? მთავრობამ გაგვხადა იძულებული ასე მოვიქცეთ. ჩამოვიდეს ბატონი ჯაბა და გაგვცეს პასუხი. კითხვები გვაქვს. მიწები დაგვიკანონონ სხვას არაფერს ვითხოვთ. მინისტრს დაურეკეთ მოვიდეს, შემდეგ გადავალთ  გზიდან'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეების განცხადებით, 2007 წელს მათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს, 2010 წელს კი უკან ჩამოართვეს. მას შემდეგ ნაწილმა შეძლო საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირება, ნაწილი კი კვლავ პერმანენტულ აქციებს მართავს. რეგისტრაციას ვერ ახერხებს 90-მდე ოჯახი. 

მინისტრთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს. კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში