აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ 13 პირის გადმოსვენება იგეგმება

23 მარტი 2021, 14:41 902 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს დანიელ მაკსუინს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს, რაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

''შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ძალისხმევის მნიშვნელობაზე გამყოფი ხაზების ყველა მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიების და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების კუთხით. აქვე ხაზი გაესვა, რომ ICRC-ს გადამწყვეტი როლი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიებისა და მათი იდენტიფიცირების ეფექტიანი პროგრამის შემუშავების პროცესში.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიების და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების ერთგული. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალისხმევა და 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანია აღნიშნულ პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდა'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში