სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ მგზავრობის საფასური გაზარდეს

25 მარტი 2021, 11:14 3159 ნახვა

სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრი გადაიხადეს. 

მძღოლები კი ამბობენ, რომ ჯერ ტარიფი არ გაუზრდიათ, თუმცა გეგმავენ. ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ საწვავი გაძვირდა და სხვა გამოსავალი არ აქვთ. 

''ეპიდემიამ გაგვაჩერა და ერთი წელია არ გვიმუშავია. პერიოდულად გამოვიდოდით, შემდეგ ისევ გვაჩერებდნენ. მანქანის ნაწილები გაძვირდა, საწვავიც გაძვირდა. ადრე 35 ლარის საწვავი თუ მყოფნიდა ახლა 50 ლარი მჭირდება. ჩვენც ოჯახები გვყავს, ისე ხომ არ ვიმუშავებთ. უმჯობესია საწვავი გააიაფონ. ხალხს, რომ არ აქვს საშუალება ვიცით, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს სხვა გამოსავალი'' - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი. 

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების განმარტებით, ტარიფი საკრებულოს გადაწყვეტილებით რეგულირდება და ცვლილება არ განხორციელებულა. თვითნებურად გაზრდილი ტარიფის გამო კი ბოლო პერიოდში რამდენიმე კომპანია დააჯარიმეს. 

ემზარ ქავჟარაძის თქმით, საგარეუბნო ტარიფი არ რეგულირდება. 

პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც მძღოლებს ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ. 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში