„ფაიზერის“ ვაქცინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში გადანაწილდება 

25 მარტი 2021, 11:35 822 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში  გადანაწილდება, ვაქცინაცია კი 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის დოზები გაიყოფა და ის 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

„დიდხანს ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც იქნა, ის არის საქართველოში და ის რაოდენობა რომელსაც ველოდით - 29 500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება. შესაბამისად  რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში. ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია - ,,ბოკერიას კლინიკა'', ,,რესპუბლიკური საავადმყოფო'', ,,ამტელის კლინიკა'' და ,,კავკასიის მედიცინის ცენტრი''. ბათუმში - ,,რესპუბლიკური საავადმყოფო'', ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი გეგმავს რეგიონებში ჩასვლას და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.

„არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს აქვს თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა.

ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობასაც ადგილზე ვნახავ, რადგან საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ამიერიდან მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ორი, AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანის გაკეთებით შეეძლებათ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში