ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე ვაქცინაციისთვის საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა სიაში მყოფ ადამიანებს ვაქცინას მაშინვე ვერ შევთავაზებთ - თამარ გაბუნია

25 მარტი 2021, 12:40 1451 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში ვაქცინაციის მსურვლეთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება.

მისივე განცხადებით, ეს მოხდება იმისთვის, რომ დადგინდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი.

„ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რამდენად იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა ის ფაქტორი, რომელიც გამოიწვევს აქტივობის სტიმულაციას. რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით მოლოდინი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული, როდესაც ვაქცინა შემოვა. მასიური ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მესამე, მეოთხე კვარტალში. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელიც მიმღებია ვაქცინების. ჩვენ ჯერ ამ რაოდენობას ვერ ვხედავთ.

ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში