ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა

25 მარტი 2021, 15:01 1392 ნახვა

ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა მოხდეს ძალიან სწრაფად-განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის გახსნის დროს გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ტერმინალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, განახლებული აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მას წელიწადში მილიონ 200 ათასი მგზავრის მომსახურება შეეძლება, რაც ტურიზმის განვითრებას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა მოხდეს ძალიან სწრაფად. ჩვენს წინაშე დღეს ორი მთავარი ამოცანა დგას, ეს არის პანდემიის დამარცხება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორი, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა და ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდის შესამსუბუქებლად.

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში. აეროპორტის განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა, წელიწადში მილიონ 200 ათასი მგზავრის მომსახურება შეეძლება. ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიის დროსაც კი საერთაშორისო ინვესტორებმა, მართვის კომპანია "ტავ ჯორჯიამ" ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა 17 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს ამოდენა ინვესტიცია ძალიან დასაფასებელია. სამუშოებზე 300-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, განახლებული აეროპორტი იქნება იმის წინაპირობა, რომ ზაფხულისთვის ტურისტები დაუბრუნდეს როგორც აჭარას, ისე მთელს ქვეყანას.

"პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ის არის ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. გაფართოებული აეროპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა  დაგვეხმარება, მიუხედავად პანდემიისადა ეკონომიკური სირთულეებისა, ძალიან მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა, როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ შემჭიდროებულ ვადებში ოპერატორმა კომპანიამ შეძლო, მართლაც, შთამბეჭდავი სამუშაოები განეხორციელებია და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული ინფრასტრუქტურით დღეს შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან. დიდი გამოწვევის ფონზე, 8 თვეში შესაძლებელი გახდა, რომ პროექტი დასრულებულიყო, გაფართოებულიყო მისი გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მოგვცემს ზაფხულისთვის ტურისტები დავუბრუნოთ როგორც ბათუმს, აჭარას, ასევე მთლიან ქვეყანას. მადლობას ვუხდი ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

''ტავ ჰოლდინგის'' ხელმძღვანელი სანი შენელი ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად ბათუმის აეროპორტის გაფართოება წარმატებით დასრულდა. 

''ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება პანდემიის პერიოდში. პანდემიას გლობალურად დიდი ეფექტი ჰქონდა, რადგან მგზავრთა ნაკადი 70%-ით დაეცა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. ყველა ინვესტორი თავს იკავებდა აეროპორტის ინფრასტრუქტურაში კაპიტალი დაებანდებია. ჩვენ კი გაფართოების პროექტი წარმატებით დავასრულეთ. 

2007 წლიდან, რაც საქართველოში მუშაობა დავიწყეთ, თუ დასაწყისში 40 000 ვემსახურებოდით, 2019 წელს  600 000-მდე გაიზარდა მგზავრთა მომსახურების მაჩვენებელი. ბათუმში ახლა 30 სხვადსხვა კომპანია დაფრინავს, როდესაც 2007 წელს მხოლოდ 5 იყო. 

ბოლო 14 წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი დავაბანდეთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ჰაბი გაგვეხადა. ეს მშვენიერი ადგილი შავი ზღვის სანაპიროზე, მდიდარი ისტორიის მქონეა. ბათუმის აეროპორტი არის იმის დასტური, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. გავაგრძელებთ ბათუმის წარმოჩენას მსოფლიოში, შესანიშნავ ატმოსფეროს  და პირობებს შევუქმნით ჩვენს მგზავრებს'' - განაცხადა სანი შენელმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში