ბუნდოვანება სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით

25 მარტი 2021, 20:05 1758 ნახვა

1-ლი აპრილიდან ავტომობილის ძველ სანომრე ნიშნებს ძალა ეკარგება. სახელმწიფო ნომრის შეცვლა მძღოლებმა 31 მარტის ჩათვლით უნდა მოასწრონ. იურისტი გიორგი ფანცულაია პირადი გამოცდილების გათვალისწინებით პროცესში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. 

კერძოდ, თუ ავტომობილი რეგისტრირებულია გარდაცვლილ ადამიანზე და გარდაცვალებიდან არ არის გასული 6 თვე ანუ მემკვიდრეს არ მიუღია სამკვიდრო ქონება, ასეთ შემთხვევაში მას არ ეძლევა საშუალება ნომრის გამოცვლის, შესაბამისად ავტომობილით სარგებლობაც ეკრძალება.

იურისტი მოითხოვს, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ნოტარიუსის მიერ გაცემული შუალედური დოკუმენტით მსგავს სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს მისცეს სახელმწიფო ნომრის შეცვლის საშუალება.

იურისტის საპასუხოდ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ და მოქალაქეებს 7 წლის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება შეეცვალათ ძველი სანომრე ნიშნები.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში