„ფაიზერით“ აცრის სურვილი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გამოთქვა - თამარ გაბუნია

26 მარტი 2021, 17:06 1088 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 10 000-ზე მეტი ადამიანია.

მისივე თქმით, მონაცემები კიდევ დაზუსტდება, რადგან ბათუმსა და ქუთაისში ჯერ კიდევ არის ადგილები.

"დღეს მაღალი აქტივობა იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოლოდინის რეჟიმი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს და ვმუშაობთ, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რადგან პასუხის გაცემის დრო დაჩქარდეს და მოლოდინის დრო იყოს მინიმალური.

რაც შეეხება "ფაიზერის" რეგისტრაციის თემას, ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში ჯერჯერობით და ველოდებით შერჩევას იმის დასადგენად, თუ რამდენი დოზა "ფაიზერი" დარჩება ყველა ადგილის შერჩევის შემდეგ.  ვსაუბრობთ 14 000-დან 14 500 დოზამდე და სავარაუდოდ მას შემდეგ რაც შეივსება ყველაფერი 3000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში და ამისთვის კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მათი დაჯავშნა.

რაც ახლა არის ადგილები ეს არის 14 აპრილამდე პერიოდში. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ გაიზარდოს იმ კლინიკებში სამუშაო საათები სადაც, "ფაიზერი" ტარდება და იქ მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომლებიც მარაგში გვექნება. ჯერ "ფაიზერი" არის, მაგრამ ყველა მოთხოვნას ის ვერ დააკმაყოფილებს. ეს თავიდანვე ვიცოდით, ძალიან მაღალი ხარისხის ოქსფორდის "ასტრაზენეკას" ვაქცინა გახსნილია და ამდენად მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

10 000-ზე მეტია უკვე "ფაიზერზე" რეგისტრირებული, თუმცა საღამომდე ეს რიცხვი გაიზრდება და დაზუსტდება ინფორმაცია, როცა დაემატება ქუთაისის და ბათუმის ჯავშნები. ,,კოვაქსის” პლატფორმიდან "ფაიზერის" მოწოდება არ იგეგმება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ის 9000 დოზა ორად გაიყოს და პირველადი ვაქცინაციის შემდეგ, ვისაც სამ კვირაში მოუწევს, დამატებითი აცრა ჩატარდეს იმავე პარტიიდან, რომელიც უკვე შემოსულია ქვეყანაში. დამატებით "ფაიზერის" შემოსვლის შესახებ ინფორომაციას მოგაწვდით მოგვიანებით"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში