ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა - მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

30 მარტი 2021, 11:49 1076 ნახვა

ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ისინი მერიის შენობაში შევიდნენ, თუმცა სამართალდამცველები მეორე სართულზე ასვლის საშუალებას არ აძლევენ.

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს. დღეს საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა იმსჯელონ.

დაპირისპირება იყო სხდომათა დარბაზშიც, სადაც ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეს მოქალაქეების სხდომაზე დასწრებისაკენ მოუწოდებდა. 

ამ წუთებში სხდომა დროებით შეწყდა, დეპუტატებს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ. 

საკრებულოს თანხმობის შემდეგ მერია ამ ტერიტორიას კომპანიას პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გადასცემს. განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის 4 თვის საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 80 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  ტერიტორიაზე მაღალი კლასის პლაჟი მოეწყობა და სივრცე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვისაც.

კომპანია "ლე მერიდიანის'' დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა გუშინ განაცხადა, რომ "მოეწყობა მაღალი კლასის პლაჟი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის".​ ​მისივე თქმით, საუბარი არ არის ტერიტორიის ჩაკეტვასა და იზოლაციაზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში