მთავარი მსოფლიოში

31 მარტი 2021, 20:02 1162 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასულ ქალაქ შუშას მოინახულებს. ვიზიტი მუსლიმების  წმინდა რამადანის თვის დასრულების შემდეგ იგეგმება.   ამის შესახებ ერდოღანმა   თიურქული საბჭოს ვირტუალურ სამიტზე განაცხადა.  ჩვენ მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დავრჩებით და დავიცავთ მთიან ყარაბაღში თიურქულ ფასეულობებს.  მნიშვნელოვანია რეგიონის ფეხზე დაყენება და რომ ჩვენმა ძმებმა საკუთარ მიწაზე დაბრუნება შეძლონ - განაცხადა ერდოღანმა.  1991 წელს მთიანი ყარაბაღი, რომელიც უმთავრესად სომხებითაა დასახლებული,  აზერბაიჯანს გამოეყო, რომლის შემადგენლობაში საბჭოთა რეჟიმის დროს შედიოდა.  მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადებას  ომი მოჰყვა. 1994 წელს რუსეთის შუამავლობით სომხეთი, აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც პერიოდულად ირღვეოდა.

იტალიელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ბრალდებით დააკავეს,  იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მსახურობდა, სადაც ჰქონდა წვდომა მასალებზე გრიფით საიდუმლო. იტალიური მედიის მონაცემებით,  საუბარია მეორე რანგის კაპიტანზე ვალტერ ბიოტზე.  იგი თავის კომპიუტერზე ტვირთავდა დოკუმენტებს და  შემდგომ  ფლეშ-მეხსიერების ბარათზე ინახავდა. ამ მასალებს იტალიელი, გამოძიების ვერსიით, გადასცემდა სამხედრო პირს, რომელიც რომში რუსეთის საელჩოში მუშაობდა. სწორედ ასეთი მონაცემების გადაცემის დროს დააკავეს ორივე პირი  სამშაბათს საღამოს.  საიდუმლო დოკუმენტების სანაცვლოდ იტალიელი გენერალი ამჯერად 5 ათასი ევროს აღებას ცდილობდა.  მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

უკრაინის მთავრობამ რუსეთიდან ჭვავის, ხორბლის, მზესუმზირის ზეთის და სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.  შეზღუდვები 10 აპრილს ამოქმედდება.  დოკუმენტში წარმოდგენელია აკრძალული პროდუქტების სია, რომელშიც ასევე შედის  სარეცხი საშუალებები, კოსმეტიკური ხელსახოცები, საგაზეთო ქაღალდი, მუყაოს, ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები  და სხვა.  ამას გარდა, უკრაინაში აიკრძალება  საბურღი ხელსაწყოების, ყუთების, ტომრების, შესაფუთი პარკების, ეტლების, ბორბლების და მათი ნაწილების შეტანაც.

ამერიკული კომპანია ფაიზერისა და გერმანულ კონცერნ ბიონტეკის ერთობლივი ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 პროცენტით ეფექტუტრია. ამის შესახებ კომპანია ბიონტეკი იუწყება.  კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ  მოზარდებზე ცდების მესამე ეტაპზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ 100 პროცენტიანი ეფექტურობა და აქტიური იმუნური რეაქცია აჩვენა.  ფაიზერის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, კომპანია მარეგულირებელი ორგანოებისგან მოზარდებში ვაქცინის გამოყენების ნებართვის  მიღებას შეეცდება, რათა  მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე შესაძლებელი გახდეს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის დაწყება.  აშშ-ში ცდებში  12-დან 15 წლამდე ასაკის 2 ათას 260 მოზარდი მონაწილეობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში