დღეიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იკრძალება - მფლობელი დაჯარიმდება

01 აპრილი 2021, 12:11 1902 ნახვა

დღეიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევად ჩაითვლება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა1 აპრილიდან უწყდებათ, ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეუცვალოს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე.

"გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი"-აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა ხდება "აიფონით" სარგებლობის შემთხვევაში - APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობისას - PLAY Store- დან.

გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული.

დისტანციური მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება:

• პირადი ნომერი;

• დაბადების თარიღი;

• მობილური ტელეფონის ნომერი;

• ელექტრონული ფოსტის მისამართი.

თუ ავტომობილის მფლობელი დღეიდან ისეთი ავტომობილით მაინც გადაადგილდება, რომელსაც ძველი სანომრე ნიშანი ექნება ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 122 მუხლის მიხედვით, რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო 250 ლარით დაჯარიმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში