სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთ წელში გამოძიება 270 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

01 აპრილი 2021, 13:30 712 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც 310 სავარაუდო მსხვერპლი ფიგურირებს.

მათივე განმარტებით, სავარაუდო მსხვერპლთა 82% შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, 17% - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ხოლო 1% - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე 5 პირის მიმართ, ხოლო გამოძიება შეწყვიტა 24 სისხლის სამართლის საქმეზე.

სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - ავტომანქანას, 16% პენიტენციურ დაწესებულებას, 8% - სახლს/ბინას, ხოლო 3% - სხვა საჯარო დაწესებულებას.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ, საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით.

მათი განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა აღიჭურვოს ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე მის დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში