წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას 3 აპრილს მიიღებს - ამირან გამყრელიძე

02 აპრილი 2021, 12:19 756 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შაბათს შემოვა.

მისივე განცხადებით, საქართველო ჩინეთიდან მიიღებს „სინოფარმს“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკს“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა.

გამყრელიძე ამბობს, რომ  ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიას,  ჩილეში და ა.შ.

"ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის მარეგულირებელი.

ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ დაშვებით, რომ ''სინოფარმი'' აპრილის ბოლომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის​ ავტორიზაციას მიიღებს ვაქცინის შეძენა გადაწყდა. 

თამარ გაბუნიას თქმით, მსოფლიოში ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ძალიან  გართულებულია.

''ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში მნიშვნელოვანია. დღემდე ''მოდერნასაც'' ბევრი ქვეყანა იყენებს და ჯერ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული, ''სინოფარმის'', ''სინოვაკისა'' და ''მოდერნასთვის''. ეს არის სამი დაწინაურებული ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯერ არ აქვთ'' - ამბობს გაბუნია. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, "სინოფარმით" ვაქცინაციის დასაწყებად ქვეყანა მზად იქნება მომდევნო კვირიდან, თუმცა ისინი გარკვეული პერიოდი, სავარაუდოდ 2 კვირა დაელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში