მარტში ზეთი, ხილი, შაქარი, ხორცი, ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა

02 აპრილი 2021, 15:48 1442 ნახვა

2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, არაერთი პროდუქტი გაძვირდა, მათ შორის, ფასები გაიზარდა სასურსათო პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

მარტში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, ჯემი, ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული და ბაღჩეული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა.

თვიური მაჩვენებლის მიხედვით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

 

ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი),

 

ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი),

 

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი),

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი),

 

ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი),

 

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი).

წინა წელთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7 პროცენტითაა გაზრდილი.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი),

 

ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი),

 

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი),

 

თევზეული (12.2 პროცენტი),

 

რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი),

 

პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი),

 

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი),

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი),

 

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6 პროცენტი),

 

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0 პროცენტი).

ეკონომიკის ექსპერტის ნიკოლოზ მჭედლიშვილის შეფასებით, სიტუაცია საყურადღებოა, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება. 

"ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა შეიძლება იყოს დამოკიდებული  დოლარის კურსზე, რადგან იმპორტიორები საქონელს ყიდულობენ დოლარით და შეიძლება უბრალოდ მომწოდებლებმა გაზარდეს ფასები. შესაძლოა მარაგების გამო. არის ხეჯირების მომენტიც, აქვთ მარაგი, მაგრამ თავისი რისკების დაზღვევა რომ მოახდინოს ახლავე აძვირებენ, რომ შემდეგ იგივე რაოდენობის საქონლის ყიდვა შეძლონ"-აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების მატების ტენდენცია გაგრძელდეს.

"გამომდინარე იქიდან რომ ბოლო 10 დღეა გვაქვს დოლარის კურსის მკვეთრი ნახტომი, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ფასები კიდევ გაიზრდება"- თქვა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი).

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფასების მატების გამო საჭირო გახდა ჯანდაცვის პროგრამებში გარკვეული კორექტივების შეტანაც, რათა მოსახლეობას ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნოდა.

თამარ გაბუნიას თქმით, წამალზე ფასის მატება ძალიან საყურადღებოა.

"მუდმივი პროცესია ფასების მატება და ამის პასუხად, პროგრამებში გარკვეული ცვლილებებია. ამდენად, ამაზე მიდის მუშაობა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამან ხელმისაწვდომობა გააუარესოს.  წამალზე ფასის მატება არის ძალიან საყურადღებო ნიშანი, რაც ზოგადად, საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენს დონეზე ეს ვერ მოგვარდება“,  – განაცხადა გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში