შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს

06 აპრილი 2021, 10:58 633 ნახვა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.

ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.

განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. დადგენილებას, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში