ბათუმში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოინგრა

07 აპრილი 2021, 11:57 2120 ნახვა

გუშინ ღამით, ბათუმში ტბელ აბუსერისძის #29ა-ში მესამე სართულზე საცხოვრებელი ბინის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით შენობა ავარიულია. მათივე განმარტებით, მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა არც საძირკველის გამაგრება მომხდარა და არც სხვა სახის დახმარება მიუღიათ.

დაზიანებულია კორპუსზე დაახლოებით 30 წლის წინ მიშენებული ფართი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიაში ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომლის თანახმადაც სახლი ავარიულია.

"წუხელ აშკარა იყო, რომ დაღუპვას ბეწვზე გადავრჩით. ბინა ავარიულია, მისი არც გამაგრება შეიძლება უკვე იმ დონეზე მივიდა, როცა შეიძლებოდა გამაგრება მაშინ ყურადღება არავინ გამოიჩინა.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მერიაშია, რომ ბინა ავარიულია"- აცხადებს ომარ ჭაღალიძე.

კორპუსში სხვა ბინებში დაბზარულია კედლებიც. 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სანამ აღნიშნულ სახლთან დაკავშირებით  იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, სახლის ბინადრებს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ზოგადად ავარიულ სახლებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში საექსპერტო დასკვნები არსებობს. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს საბიუჯეტო თანხვედრაში პროექტების დამუშავება და აჭარის მთავრობასთან ერთად ისინი კონკრეტულ პროექტებს უახლოეს პერიოდში გააცნობენ.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში