კლინიკაში მომართვა დაგვიანებული იყო - ექიმი 28 წლის ქალის გარდაცვალებაზე 

08 აპრილი 2021, 11:48 4773 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმი იაგო ტაკიძე ამბობს, რომ პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ექიმის განმარტებით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა. 

კოვიდინფიცირებულს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა. 

''ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველ აპრილს გადმოიყვანა, სამწუხაროდ მდგომარეობა კრიტიკული იყო. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ​კოვიდი 27 მარტს დაუდასტურდა, როგორც ახლობლები ამბობენ, ამ პერიოდის განმავლობაში სახლში მკურნალობდა'' - აცხადებს ექიმი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 109 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 22-ის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო მართვით სუნთქვაზე იმყოფება ერთი პირი. 

დღეს აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში