4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

09 აპრილი 2021, 19:55 7546 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. მთავრობა დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში