საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო

12 აპრილი 2021, 10:19 741 ნახვა

დღეს, 12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოქალაქეებს საშუალება აქვთ მონაცემები http://workabroad.moh.gov.ge/-ზე შეავსონ. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

ისრაელისა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოქალაქეები ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: კანდიდატმა აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. 2021 წლის განმავლობაში, კი დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება სრული განაკვეთი. კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• განათლება:

მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;

უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;

ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

• ნასამართლეობის არმქონე;

• ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;

• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;

• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში