პოლიცია აქტივისტებს ნამახვანში არ უშვებს - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის  დაპირისპირება მოხდა

12 აპრილი 2021, 16:27 1137 ნახვა

გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი განაგრძონ. სამართალდამცველები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ. 

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები უკან გამოაბრუნეს და ხელახლა აღმართეს რკინის ჯებირები.

''გვინდა საავტომობილო გზაზე გავიაროთ, პოლიცია კი ძალას იყენებს. არ გვიშვებს, არც ქალებს არც ბავშვებს, ვინც ამ პროტესტში მშვიდობიანად მონაწილეობს. ჩვენი სურვილია არავისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდეთ, ვითხოვთ სამართლებრივ ახსნას რომელი კანონის საფუძველზე გვიკრძალავენ საკუთარ მიწაზე პროტესტის გამოხატვას. ფართომასშტაბიან აქციას აუცილებლად გავმართავთ, აქ კი გზა გადაკეტილი იქნება მანამ, სანამ არ მოგვეცემა საშუალება მშვიდობიანი პროტესტი ვაწარმოოთ'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დაბრუნებულიყვნენ კარვებისკენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ისინი პროტესტს ქუთაისში, ენკას ოფისთან გააგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით,  სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

''უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში