ბულვარის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

13 აპრილი 2021, 11:53 1918 ნახვა

,,ბათუმის ბულვარის'' ყოფილი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბრძანება ოფიციალურად ჯერ არ მიუღია, თუმცა აუცილებლად გაასაჩივრებს. მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება საკრებულოში ხმაურიან გამოსვლას უკავშირდება. 

ჯინჭარაძე ამბობს, რომ იყო საკითხები, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარეს და მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. 

''ეს არ არის მხოლოდ ,,მერიდიანის'' სანაპირო ზოლის გაცემის საკითხი. ბევრი სხვა თემა იყო, რომელთანაც მე მასთან თანხვედრაში ვერ მოვდიოდი. ბულვარის განაშენიანების დოკუმენტს ხვალ წარადგენენ.  არც ოპოზიციაში მივდივარ, არც მთავრობაში. ქალაქის ინტერესებს დავიცავ ქალაქიდან, ქუჩიდან ,  არ არის აუცილებელი იყო თანამდებობის პირი, რომ გააკეთო კეთილი საქმე. გავასაჩივრებ გადაწყვეტილებას, იმიტომ, კი არა, რომ სამსახური დავკარგე , ყველა საჯარო მოხელეს მივცე იმის საშუალება, რომ ხმის ამოღების უფლება ჰქონდეთ. ეს არ არის "ქართული ოცნების" ნარატივი, ეს არის რიჟვაძის ნარატივი და კიდევ ერთი ორი პირის ნარატივი, ისინი უბინძურებენ "ქართულ ოცნებას" სახელს, ქვეყანასაც და ყველაფერს. 

როგორ უცნაურადაც გამათავისუფლეს, ასევე უცნაურია, უკვე 11 საათია და  გათავისუფლების ბრძანებას ველოდები'' - ამბობს ჯინჭარაძე. 

''ბათუმის ბულვარის'' ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ორი წლის წინ შიდა აუდიტი ჩატარდა, შემდეგ კი სახელმწიფო აუდიტი შემოვიდა.  მისი თქმით საუბარია ტექნიკურ დარღვევებზე. საქმე ეხება ახალ ბულვარში ფილების დაგების ტენდერს. 

''მე არც ინჟინერი ვარ, არც მშენებელი. ხარჯთაღრიცხვაში არის  500 ან 600 პუნქტი და იქ არის ერთი რაღაც  უზუსტობა. თვითონ ამბობენ, რომ თანხა არასწორადაა გადარიცხული, თუმცა შიდა აუდიტის მოკვლევის შემდგომ ''ბათუმის ბულვარმა'' სასამართლოში შეიტანა ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი. დღეს ეს საქმე სასამართლოშიც არის, გავლილი აქვს ანტიკორუფციულსაც, პროკურატურასაც. ამაყი ვარ, ვერავინ დამაბრალებს ქრთამის აღებას და ვერც უღირს საქციელს. თუ შეცდომა არის იყოს შეცდომა, თუნდაც დამაკავონ. საუბარია 100 000 ლარზე. თვითონ თვლიან, რომ არასწორადაა გადარიცხული, მაგრამ ტექნიკური შეცდომაა'' - ამბობს ჯინჭარაძე. 

ბულვარის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლებით თორნიკე რიჟვაძემ სხვა საჯარო მოხელეებიც გააფრთხილა. 

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: ''ბათუმის ბულვარის მიერ ახალ ბულვარში ფილების, ბორდიულებისა და წვიმამიმღები ჭების მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონოლითი 2005-თან გაფორმდა ხელშეკრულება. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად არსებული ფილების დაგების სამუშაოებისთვის შემსყიდველმა ჯამში გადაიხადა 443 978 ლარი, სადაც 143 635 ლარი ბათუმის ბულვარის საკუთრებაში არსებული ფილების ღირებულებაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო განფასებული და შესაბამისად არც  გადახდილი. 

თანხის გადახდის შემდეგ ბულვარმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მიმწოდებლისთვის 102 462 ლარის დაკისრებაზე, რაც არის უშუალოდ ფილების ღირებულება. ​

''ბათუმის ბულვარმა'' თავის საკუთრებაში არსებულ ფილებში გადაიხადა 143 635 ლარი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისთვის 12 484 ლარი. შედეგად ბათუმის ბულვარის მიერ ჯამში ზედმეტად გადახდილია 156 119 ლარი. რაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედების რისკებზე მიუთითებს.'' 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში