რატომ გაათავისუფლეს ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან - ეკონომიკის მინისტრის განმარტება 

13 აპრილი 2021, 13:36 2571 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის დირექტორის პოსტიდან  გათავისუფლება უკავშირდება არა მის საჯარო განცხადებას პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ აუდიტის დასკვნას, რომლითაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. ის ამბობს, რომ ირაკლი ჯინჭარაძემ აუდიტის დასკვნის შესახებ იცოდა, მას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან საუბარიც ჰქონდა. 

მინისტრის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბულვარის დირექტორმა საკრებულოში განცხადებები  საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით გააკეთა.

''არსებული დასკვნის საფუძველზე აღძრულია შესაბამისი საქმე და მიმდინარეობს პროცედურები. ეს დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას, პროცედურულად სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინა წლის საქმიანობას შეისწავლის მომდევნო წელს, შესაბამისად ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით კონკრეტულ საქმეზე ძიება დაიწყო მიმდინარე წელს.

გეუბნებით, რომ პროცედურები სჭირდება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მომზადებას და შემდეგ უკვე ჩვენთვის მოწოდებას. პირველად ვარიანტზე ჩვენ ვახდენთ შეპასუხებას და საბოლოო ვარიანტი გარკვეული პერიოდის მერე ბარდება სამინისტროს და ეს იყო სწორედ გასული წლის ბოლო. შემდგომ კი შესაბამისი პროცედურების დაცვით, თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის, დასკვნა გადაეცემა შესაბამის სამსახურებს. ახლა თქვენ განსაჯეთ, ეს რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება თუ არის დროში დამთხვევა'' - ამბობს ჯაბა ფუკტკარაძე. 

მან ასევე განმარტა, რომ ბულვარის განვითარების გეგმას ვერავის განცხადება ვერ შეაჩერებს. 

''ბულვარის განვითარების და კონსერვაციის გეგმას ვერ შეაფერხებს, ვერცერთი საჯარო თუ არასაჯარო პირის, აჟიტირებული განცხადება. ეს არის ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ" - ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში