ჩემი მიზანი იყო გავმხდარიყავი იმ ქალების ხმა, ვინც ძალადობის მსხვერპლია - ნინუცა მაყაშვილი

15 აპრილი 2021, 17:36 1119 ნახვა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ჩვენების მისაცემად ის არ მივიდა.

მსახიობი აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ მისვლას არც აპირებს, რადგან მისი მიზანი ეს არ ყოფილა.

"მე არ ვაპირებ არც გასაჩივრებას და არც იმის სურვილი მაქვს, რომ ის ადამიანი დაიჭირონ. ჩემი მესიჯი საერთოდ სხვა რაღაცა იყო და ვერ ვხვდები რატომ უნდა მივცე ჩვენება, როცა ჩივილს არ ვაპირებ"-ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

მსახიობის თქმით, მისი მიზანი იყო გამხდარიყო ყველა იმ ქალის ხმა, ვინც წარსულში ან დღეს ძალადობის მსხვერპლია და ეჩვენებინა მათთვის, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ შეუძლიათ ძლიერები იყვნენ.

ნინუცა მაყაშვილი დღეს რობერტ სტურუას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის თეატრიდან წასვლას არ აპირებს თუ მას არ გააგდებენ.

რობერტ სტურუამ რამდენიმე დღის წინ მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა გამოუცხადა, მაშინ როდესაც ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა.

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და  ქ ა ლ ე ბ მ ა  1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - დაწერა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

მაყაშვილი ამბობს, რომ იმის მოლოდინი, თითქოს სტურუა მისი კომენტარის გამო დაკავებული თანამდებობიდან წავიდოდა არც ქონია.

"ის რა თქმა უნდა არ წავა, ადამიანი, რომელიც უსაფუძვლოს უშვებ თეატრიდან ქალბატონს და ძალიან ბევრ მსახიობს და შემდეგ სექსისტურ განცხადებებს აკეთებ, ძალიან სასაცილო იქნებოდა, ის ვითომ ჩემს გამო, რომ წასულიყო თეატრიდან. მის მიმართ აგრესია რაც არის არის მარტო იმიტომ, რომ საზოგადოებას აჩვენა ის, რაც არ უნდა ეჩვენებინა და დაწერა აბსოლუტური სისულელე"-განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც იგი  ორსულად იყო.

მაყაშვილის თქმით, მას შემდეგ 11 წელი გავიდა. მაშინ ძალადობაზე არ უსაუბრია, რადგან არ იყო სწორი დრო და პატარა იყო.

თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში