მივიჩნიეთ, რომ ''სინოფარმი'' მოსახლეობისთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი, ვიდრე პოტენციური ზიანის - კულუმბეგოვი 

16 აპრილი 2021, 15:40 727 ნახვა

,,მივიჩნიეთ, რომ ეს ვაქცინა მოსახლეობისთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი, ვიდრე პოტენციური ზიანის'' - ეს განცხადება იმუნიზაციის სხდომის დასრულების შემდეგ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა.  მისი თქმით, საბჭოს წევრებმა გაითვალისწინეს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის მესამე ტალღის რისკები და გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რეგისტრაციიდან ვაქცინაციამდე გარკვეული პერიოდია საჭირო, აღნიშნულ დროში კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ''სინოფარმს'' ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. მოქალაქეებს კი საშუალება ექნებათ მათთვის სასურველ ვაქცინაზე შეაჩერონ არჩევანი, რაც ქვეყანაში არც თუ ისე ბევრია. 

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ არის საჭირო, ჩინური ვაქცინის სამი დოზის გაკეთება, საკითხზე ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, 100 000 დოზა გათვლილია 2 აცრაზე, შესაბამისად ის არის განკუთვნილი 50 000 ადამიანისთვის.

''მესამე დოზის აუცილებლობა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში თვითონ ქვეყანამ გადაწყვიტა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან თავად მწარმოებელმა ან რომელიმე მარეგულირებმა, რაზეც ინფორმაცია ჯერ ჩვენ არა გვაქვს, ამიტომ საქართველოშიც იქნება ორჯერადი ვაქცინაცია'' - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში