ბათუმში კომპანია ''მაქსიმის'' მძღოლები გაიფიცნენ - ისინი მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ

20 აპრილი 2021, 11:32 7551 ნახვა

ბათუმში ტაქსის კომპანია ''მაქსიმის'' მძღოლები გაიფიცნენ. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ. ამბობენ, რომ საწვავის ღირებულება გაიზარდა და იგივე ტარიფით მუშაობა წამგებიანია. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, ''მაქსიმმა'' სხვა პარტნიორი კომპანიების მძღოლებიც შემოიყვანა ბაზაში, რის გამოც შეკვეთების რაოდენობაც შემცირებულია.

მძღოლებს ასევე პრეტენზიები აქვთ კომპანიის ხელმძღვანელთან და მათ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

''სხვა მანქანები მუშაობენ, ჩვენ გაჩერებული ვართ. ისინი კარგ შეკვეთებზე დადიან, საუბარია პარტნიორი კომპანიის სახელით დასაქმებულ მძღოლებზე. ასევე ვითხოვთ ტარიფი გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას აზრი არ აქვს. გვესმის, რომ მოსახლეობასაც უჭირს, მაგრამ საწვავის გაძვირების შემდეგ, იგივე ტარიფზე მუშაობა წარმოუდგენელია'' - აცხადებს ''მაქსიმის'' მძღოლი. 

კომპანიის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ანალიზი მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ტარიფი შეიცვალოს. თეიმურაზ ქობულაძე კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს. 

რაც შეეხება შეკვეთების განაწილებისა და სხვა კომპანიის დასაქმების საკითხს, მისი თქმით, ''მაქსიმში'' ნებისმიერ მძღოლს შეუძლია დასაქმება და კომპანია ვერ ადგენს ვინ სად მუშაობს. 

''ნებისმიერ მძღოლს შეუძლია მოვიდეს და დარეგისტრირდეს,  თავისუფალი გრაფიკია, ჩვენ არავის ვზღუდავთ. ტარიფების გაზრდაზე მიდის ანალიზი. რომ ვთქვათ დღეს გავზრდი ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ ცვლილება იქნება და ყველა მათგანი გაიგებს  მოკლე ტექსტური შეტყობინებით, აქ მოსვლის და შეკრების გარეშე. ტარიფი შეიძლება ერთ კვირაში, ან ორ კვირაში გაიზარდოს. კონკურენციაა ბაზარზე და არ შეგვიძლია უცებ გავზარდოთ, ეს მომხმარებლის მაჩვენებელზეც აისახება'' - აცახდებენ კომპანიაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში