მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ''ნაციონალურ მოძრაობას'' ხელი მოაწეროს დოკუმენტს - სააკაშვილი

20 აპრილი 2021, 13:25 1485 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე". ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების წინ ის საქართველოში დაბრუნდება. 

„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე, უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. იმიტომ, რომ იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ იმყოფება. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას'' ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი. შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43-პროცენტიანი ბარიერი ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. 

მეც ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლისთვის თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი'' - განაცხადა სააკაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში