აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

21 აპრილი 2021, 13:13 914 ნახვა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს​.

იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.​

აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ, განახლდა რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა  სურვილი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

„მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე, მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ, საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, ვინც მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში"-განაცხადა „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, არჩილ ჩიფიკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში