საქმიანობები და სუბიექტები, რომლებიც 4-11 მაისს უქმე დღეებით ვერ ისარგებლებენ

26 აპრილი 2021, 16:22 2264 ნახვა

გამოქვეყნდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლითაც იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალია განსაზღვრული, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება.

ჩამონათვალი ასეთია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

3. ფარმაცევტული საქმიანობა;

4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;

5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;

7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;

8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;

9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

12. სამაშველო საქმიანობა;

13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);

15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;

16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში