რა შეზღუდვები დარჩება და რა მოიხსნება უქმე დღეებში

26 აპრილი 2021, 16:28 7533 ნახვა

საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ 3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება;

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

''საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; 

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;  
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. 

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში