პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

29 აპრილი 2021, 11:03 857 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში და ავღანეთში მისიის ეტაპობრივად დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან კოორდინაციით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში