სოფელ ჯიხანჯურში, ვაჟა შაინიძის უბანში, მოსახლეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა

30 აპრილი 2021, 15:10 1031 ნახვა

ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში, ვაჟა შაინიძის უბანში მცხოვრები 44 ოჯახი სოფლის გზის რეაბილიტაციით უკმაყოფილოა. მათი განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წელს დაიწყო, თუმცა პროექტი  ხარვეზებით მიმდინარეობს და მოსახლეობის ინტერესი არ არის გათვალისწინებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პროექტი,  სამუშაოების მიმდინარეობისას შეიცვალა, სამანქანე გზა დაპატარავდა. მოსახლეობის განმარტებით, გზაზე  ერთი მანქანის მეტი ვერ გაივლის, მათივე თქმით, სანიაღვრე არხი, რომელიც გზის ერთ მხარეს კეთდება არასაკმარისია.

"სანიაღვრე არხი ბოლომდე არ კეთდება,  საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და პირველი სართული წვიმის დროს იტბორება. გზაზე დაყენებული ახალი ელექტრო განათების ბოძები არის არასწორად დაპროექტებული, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ბოძებზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელები ძალიან დაბლაა"-აცხადებენ ადგილობრივები.

აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსი, ერეკლე კახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები მიუღებელია, რადგან ამ დასახლებაში, გზა 3-4 მეტრამდეა.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულია და შესაბამისად პროექტი მეტის საშუალებას არ იძლეოდა. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, ამბობს, რომ რკინა-ბეტონის კონსტრუქციით ხდება ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა, რაც პროექტით არის გათვალისწინებული.

საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ საკითხს მოაგვარებენ.

აღნიშნული პროექტისთვის 900 000 ლარია გამოყოფილი, რომელსაც, შპს "სამკუთხედი" ახორციელებს და ის 2021 წლის, ივნისის ბოლოს დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში