გვეშინია, რომ გამოგვასახლებენ - სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ 

07 მაისი 2021, 12:21 1683 ნახვა

ქობულეთში, თავისუფლების №19-ში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული 12 ოჯახი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს.

ისინი ფართების დაკანონებას ან ალტერნატიული საცხოვრებლის გადაცემას ითხოვენ.

მოქალაქეები შიშობენ, რომ შენობიდან გამოასახლებენ, რადგან ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ და კონკრეტული შეთანხმება, ამ ეტაპისთვის, ვერ შედგა. მათი თქმით, ქობულეთის მერის მოადგილეს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ საქმეში ფიგურირებდა ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც გარდაიცვალა. შენობა-ნაგებობა კი მის ნათესავს გადაუფორმა. 

მოქალაქეებს შეხვედრა და საუბარი სურთ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ მიქელაძესთან და დეპუტატ ცოტნე ანანიძესთან.

მოქალაქეებს მოგვიანებით ცოტნე ანანიძე შეხვდა. ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ამბობს, რომ კერძო ინვესტორთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, რომლიც ოჯახების გამოსახლებას არ აპირებს. შენობის მესაკუთრეს არც აღსრულების სამსახურში აქვს შეტანილი მოთხოვნა შენობის დაცლასთან დაკავშირებით.

''ინვესტორი ანგარიშს უწევს იმ გარემოებებს და პირობებს, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ და მათ გამოსახლებას არ აპირებს. ველოდებით საბოლოო პასუხს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან, რათა დაცული იყოს მოსახლეობის და ინვესტორის ინტერესები'' - აცხადებს ანანიძე. 

ქობულეთის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებს, დღეს 16:00 საათზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში