ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული საპასუხო იერიშის შედეგად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, „ჰამასის“ რვა მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. პალესტინური მხარის ინფორმაციით კი, თავდასხმებს 20 ადამიანი, მათ შორის, ცხრა ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებული კი 65 ადამიანია. უფრო ადრე, ისრაელზე სარაკეტო იერიში ღაზის სექტორიდან მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, 150-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთა დიდი ნაწილიც თავდაცვითი-საჰაერო სისტემებით ჩამოაგდეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. დაშავდა ერთი ადამიანი. ისრაელმა არ დააკმაყოფილა „ჰამასის“ მიერ წაყენებული ულტიმატუმი, გაეყვანა შეიარაღებული ძალები ალ-აქსას მეჩეთიდან, რასაც აღნიშნული სარაკეტო თავდასხმა მოყვა. იერუსალიმში კი პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს. დაპირისპირება ისრაელში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. პალესტინელები ისრაელის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინური ოჯახების გასახლება იგეგმება.