მსგავსი, რაც გუშინ აქ ხდებოდა არასოდეს ყოფილა, სარაკეტო თავდასხმა მთელი ღამე გრძელდებოდა - ქართველი ემიგრანტი

12 მაისი 2021, 12:05 2743 ნახვა

სარაკეტო იერიშები ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის არ წყდება.

ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. სულ ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

ქართველი ემიგრანტი თეა ცხადაძე აჭარის მაუწყებელთან წუხანდელ ღამეს იხსენებს. ამბობს, რომ დაბომბვები გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რომ მოსახლეობა თავს სადარბაზოებში არსებულ დაცულ ოთახებს აფარებდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებით.

"მსგავსი, რაც გუშინ ღამით აქ ხდებოდა არაფერი მახსოვს. პირველად აქ რომ ჩამოვედი 1999 წელი იყო, ამას მიჩვეული ვარ, სირენის ხმას, თუმცა წუხანდელ ღამეს რაც ხდებოდა, ასე გაუჩერებლად ჯერ არასოდეს ყოფილა.

 

ღამის 3 საათზე იყო დარტყმა და გამთენიისას 5-ის ნახევარზე. აქ რომ გაჩერდა დაიწყო აშდოდში. ახლა რა ვითარებაა არ ვიცი.   სადარბაზოებს  აქვს სპეციალური დაცული ოთახი. ძირითადად კორპუსის მაცხოვრებლები ვართ სადარბაზოში, მთელი სამეზობლო, მცირეწლოვანი ბავშვებით.

 

მსგავსი ოთახი ბევრ ბინასაც აქვს.  საშინელი ხმაა სანამ რაკეტა ჩამოვარდება, ხმიდან 20-30 წამში ვარდება, ის ხმაა ძალიან სტრესული . მთავრობას აქვს თავდაცვის საშუალებები, მაგრამ 150-250 რაკეტა ერთად რომ მოდის, იქიდან 1-2 მაინც ეპარებათ, 90% იცავს"-აცხადებს თეა ცხადაძე.

ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ ერთი ასეთი რაკეტა მისი მეგობრის მაღაზიის წინ ჩამოვარდა და ავტობუსს დაეცა. დაშავებული ქართველების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, საელჩო აქტიურად აწვდით ინფორმაციას. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

"ემიგრანტები  ერთად თავშესაფარში, რომ გადაგვიყვანონ ასე არ არის. ყველა კორპუსში თავად ვიცავთ თავს. თითქმის ყველა, ჩემი მეგობრები სამსახურებში  წავიდა . მე ღამის 3 საათზე მომივიდა მესიჯი, რომ არ მოხვიდეთო. საგანგებო ისეთი არ გამოცხადებულა, რომ ქვეყანა გაჩერდეს.

 

მოლაპარაკებებს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი იქნება თუ ებრაელი ყველანი ადამიანები ვართ. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ აქ ძალიან ბევრი ემიგრანტი ვართ და ვინმეს რამე რომ დაგვემართოს ეს ყველას ტკივილია. ჩვენ საქართველოში ვაპირებთ მობრუნებას. ეს ქვეყანა დღეს ჩვენ გვინახავს და მადლიერები ვართ მათი"-აცხადებს თეა ცხადაძე.

რამდენიმე საათის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, ქალაქ ლოდში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი - მძიმედ დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში