"დაფასდეს ჩვენი შრომა", "ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს" - საპროტესტო აქცია ოზურგეთში

13 მაისი 2021, 14:57 1367 ნახვა

"დაფასდეს ჩვენი შრომა", "ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს"- ამ სლოგანებით ოზურგეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლები უკვე ათი დღეა არათანაბარ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

ისინი ხელფასების ზრდას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი გამომუშავებაზე მუშაობენ, ანაზღაურება დაბალი გამოუდით, რის გამოც ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ, დაახლოებით 800 ლარის ოდენობით.

ამ დროისთვის, შპს "გურია ექსპრესში" საწარმოო პროცესი შეჩერებულია. გაფიცულია 20 თანამშრომელი.

საწარმო თურქული კომპანიის საკუთრებაა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ბიზნეს პროვაიდერი მათ პირობებს არ დათანხმდება, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და საწარმოს ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.

გაფიცულებს მხარს უჭერენ ოჯახის წევრები, ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები.

ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და რამდენიმე დასაქმებული  კომპანიის წარმოამდგენლებთან შეხვედრაზე შევიდა.

"შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადმინისტრაცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის. დღეს არის მუსლიმანური დღესასწაული ბაირამი. დირექტორმა განმიცხადა, რომ დღეს არ შეუძლია დარეკოს დამფუძნებლებთან.

 

ხვალ ველოდები მის ზარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადწყვეტილება იქნება მიღებული. იმედია დასაქმებულების მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მაქვს იმის განცდა, რომ პრობლემა გადაიჭრება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია და პროტესტი გახდება უფრო მასშტაბური"-განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

დასაქმებულთა უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიცია დაიცავს.

"ისინი დაიცავენ დასაქმებულების უფლებებს, მათ უკვე მიმართეს დამსაქმებელს, რომ ხელშეკრულებები და კონტრაქტები გადმოეცათ, რომ სამართლებრივ ჭრილში შესაძლებელი ყოფილიყო მათი დახმარება, თუმცა დოკუმენტაცია დღემდე არ მოუწოდებიათ"- აცხადებს საიას, ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.

კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს გაფიცულებთან. მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებმა წერილობითაც მიმართეს, რაზეც პასუხიც მიიღეს.

აკაკი თოიძე აცხადებს, რომ გაფიცულების მოთხოვნების ნაწილი კომპანიამ უკვე დააკმაყოფილა, მათ შორის კომუნიკაციის საკითხი დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის, ასევე შიდა სამუშაო პირობების საკითხი, რაც ტექნიკურ დეტალებს ეხებოდა.

რაც შეეხება ხელფასების მატებას, იურისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ის არ განიხილება, რადგან კომპანიას საკმარისი ბიუჯეტი არ გააჩნია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში