ხელვაჩაურში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს - საპროტესტო აქცია კაპანდიბში

14 მაისი 2021, 12:58 1343 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა კაპანდიბში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ. ამბობენ, რომ სოფლების ზედა და ქვედა ჯოჭოს, კაპანდიბისა და ნიკიტაურის ცენტრებამდე გაზმომარაგების მილი შესულია, თუმცა ოჯახები ქსელზე დაერთებას ვერ ახერხებენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ  თხევადი გაზით სარგებლობენ, რომელიც საკმაოდ ძვირია და დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

''მოლოდინი გვქონდა რომ 2020 წელს მოხდებოდა სრულად გაზიფიცირება, თუმცა ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმში ვართ. წინასაარჩევნოდ დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა. ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. თხევად გაზზე ვართ დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ზამთარში ამას ემატება გათბობისთვის საჭირო ხარჯი, შეშას ვყიდულობთ, რომელიც ასევე არ არის იაფი. პანდემიის პირობებში დიდი ხარჯის გაწევა ჩვენთვის რთულია'' - ამბობს ზურაბ გვიანიძე. 

მოქალაქეებთან ერთად ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ გაზიფიცირებისთვის 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დროში გაჭიანურდა. მიშა ბოლქვაძის თქმით, სამუშაოები ხარვეზებით არის შესრულებული. 

ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ სამუშაოები მერიის დაკვეთით არ ხორციელდება. ჯუმბერ ვარდმანიძის განმარტებით, ისინი მხოლოდ მშენებლობის ნებართვას გასცემენ, სადაც კომპანიამ სამუშაოები უნდა განახორციელოს. მერი ირწმუნება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის უწყებებს მიმართა. 

​"ძალიან კარგია, რომ დაქსელვა მოხდა.  დიდი დრო გავიდა და დღემდე არ მიეწოდება გაზი მოსახლეობას,  ​ეს არ არის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა, ეს არის შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა ჩაიბაროს "სოკარ გაზმა". შუამდგომლობა დაწყებულია და მიდის სამუშაოები ამ მიმართულებით.

მოსახლოებას შევხვდი არ მახსოვს რომელი სოფლის იყო, ავუხსენი რომ გაზიფიცირება მოხდება. როდის მოხდება ზუსტად ვერ გეტყვით. ეს პრობლემა მადარდებს და მივმართე შესაბამის ორგანოებსაც'' - აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი დაკვეთით ძირითადი მილსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, დასახლებული პუნქტებისა და დაბების დაქსელვას კი ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. 

''აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება დაიწყო. მისი პირველი ეტაპი იყო ძირითადი მილსადენის მშენებლობა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. 

დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებას ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში შესულია რეგიონში არსებული დასახლებები, დაბები და სოფლები, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ მდებარეობს. პროგრამა მრავალწლიანია, როგორც მაქვს ინფორმაცია, წელს რამდენიმე დასახლების შიდა ქსელზე დაერთება დასრულდა'' - აცხადებს ნუგზარ ძნელაძე. 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის დაკვეთით ​​გაზიფიცირების სამუშაოებს შპს ''ენერჯი ინვესტი'' აწარმოებს. დასახლებული პუნქტების დაქსელვაზე კი სხვადასხვა კომპანია მუშაობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში