ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს 

14 მაისი 2021, 17:23 1473 ნახვა

უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სამართალდამცავი უწყება პოლიტიკოსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოსამართლემ ​ბაგრატიონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე  მუხლის გადაცდომისთვის დააჯარიმა. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა თანხა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს და ქვითარი სასამართლოს წარუდგინოს. ასევე მოსამართლემ განუმარტა, რომ დაცვის მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს. 

ელგუჯა ბაგრატიონი ადმინისტრაციული წესით 2 მაისს ურეხის სასაფლაოსთან დააკავეს და რეგულაციის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.  

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე შესვლა აკრძალული იყო. 

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას პოლიციელებთან კამათი მას შემდეგ მოუხდა, როცა სასაფლაოზე არ შეუშვეს 12 თებერვალს გარდაცვლილი 25 წლის მეხანძრე-მაშველის – თორნიკე კიპაროიძის ქვრივი.

ბაგრატიონი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ადვოკატის აყვანის მიზეზით პროცესის გადადება მოითხოვა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში