„თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ უფლებებზე 15 პარტიასთან შეთანხმება გააფორმა

17 მაისი 2021, 11:54 1076 ნახვა

 „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზაციამ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, პარტიები დაიცავენ თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებენ პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებას. ხელმომწერი პარტიები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი“; „ევროპული საქართველო“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „რესპუბლიკური პარტია“;  „კანონი და სამართალი“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ლელო“; „რეფორმერი“; „მოძრაობა „დროა“; „სამართლიანობისთვის“; „ერთიანი საქართველო“; „თავისუფალი დემოკრატები“; „პროგრესი და თავისუფლება“; „გამარჯვებული საქართველო“. ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ლგბტქ თემის წევრები გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავენ, ივნისში კი პრაიდ-კვირეულის ფარგლებში, საჯარო მსვლელობა უნდა შედგეს. ღონისძიების ორგანიზატორები პოლიციას განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში