დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

17 მაისი 2021, 17:40 1090 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იქ შეკრებილი მოქალაქეების ჯგუფი ქალაქში შესვლას ცდილობდა, მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მათ პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს და ქალაქისკენ მიემართებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები არიან.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზე ყავს აყვანილი ე.წ დმანისის გადასახვევი. კონტროლდება გადაადგილება, ქალაქში შესვლის უფლება ეძლევა იმ პირებს, ვინც დაასაბუთებს, რომ არიან იქ მაცხოვრებლები, ასევე ქალებსა და ბავშვებს.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დმანისის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე დაშავებულია სამი პოლიციელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში