მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

18 მაისი 2021, 17:14 5811 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. იგი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ადვოკატ ზაზა პაპიძის განცხადებით, მიზეზი მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებაა.

ზაზა პაპიძის განმარტებით, ღოღობერიძე პროტესტის უკიდურეს ფორმამდე გამომძებლების ქმედებებმა მიიყვანა. 

"ნათია დოლიძის და კონსტანტინე არობელიძის ქმედებებმა მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, შანტაჟს და მტკიცებულებების ფარსიფიკაციას.  ისინი მას დაცვის უფლებას უზღუდავდნენ. მერაბი ფინანსურ პოლიციაში ინფორმაციის მისაღებად მივიდა, თუმცა ისინი არ შეხვდნენ და ამის შემდეგ მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მისი მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 35% დამწვარი აქვს. გადაყვანილია ქუთაისის დამწვრობის ცენტრში"-განაცხადა ზაზა პაპიძემ.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განმარტება გაკეთდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"დღეს ქ. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოსთან მოქალაქე მ.ღ.-ს მიერ, პროტესტის მიუღებელი ფორმით განხორციელებულ ქმედებასა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული საზოგადოების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია.

სამართალდამცავი უწყება, აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით"-განმარტავენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში