თუ დამსაქმებელი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სეზონურ სამუშაოებზე წასული მოქალაქეები სხვა დამსაქმებლებთან გადანაწილდებიან - დასაქმების სააგენტო

19 მაისი 2021, 15:35 1829 ნახვა

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების ნაწილი, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ - ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გაწერილი პირობების დარღვევას. ისინი პოზიტიურ შედეგებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებელთან.

"აქ ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებას. როცა შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან იმის თაობაზე, რომ ისინი წუხდნენ არასათანადო სამუშაოები პირობებზე, ჩვენ იმ დღიდანვე ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ პროცესში ჩართო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ დამსაქმებლებს დაეწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ ხარვეზების გამოსწორება  უკვე დაწყებულია.

 

სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კარგია, ის რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს მსგავსი სიტუაციის მართვის მექანიზმებს. 

 

გერმანიის შრომის სააგენტოში არის შესაბამისი უწყება, რომელიც მონიტორინგს აკეთებს სამუშაო პირობების, რომელიც შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ დასაქმებულებთან, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ქართული და გერმანული მხარისგან მოხდება პროცესებში ჩართვა და მათი მართვა"-განაცხადა ნინო ველთაურმა.

მისივე განმარტებით, კომუნიკაციის დაწყების შემდეგ დამსაქმებელმა გარკვეული პირობების გაუმჯობესება დაიწყო.

"ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ დამსაქმებელმა დაიწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესება, კონკრეტულად რომელ ოთახში რა გამოსწორდა ეს ინფორმაცია არ მაქვს, ეს თავად ქართველებმა დაგვიდასტურეს. მან დაამატა რიგი აღჭურვილობა, შეცვალა დანადგარები, მოწყობილობები. დავაკვირდებით დინამიკას. თუ დამსაქმებელი ბოლომდე, ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან.

კონტრაქტში გაწერილია ანაზღაურებაც, იმედი გვაქვს, რომ დამსაქმებელი ამ პირობას შეასრულებს. ისევე როგორც იქ გაწერილია კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა, ამის შესახებაც გერმანული შრომის სააგენტო არის ინფორმირებული. ველოდებით, რომ დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებელთან"-აცხადებს ველთაური.

მისივე განმარტებით, აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება თუ ისინი გადავლენ სხვა დამსაქმებელთან. ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებით დეტალებს გერმანულ მხარესთან დააზუსტებენ.

ამასთან, ველთაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ხელს რაზე აწერდნენ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში