ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდა

20 მაისი 2021, 19:55 1058 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე.

ხაზი გაესვა, რომ ესპანეთი საქართველოს მკაფიო და სერიოზული მხარდამჭერია ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. აქვე, ესპანეთის პრემიერმა დაადასტურა მზაობა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს ყველა დონეზე. გამოითქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, რომელსაც ასევე ექნება ბიზნეს კომპონენტი. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, ესპანური კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში.

საუბარი შეეხო კოვიდპანდემიით მსოფლიოში გამოწვეულ რთულ ვითარებას. ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის პროექტებში ჩართულობის გზით, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მონკლოას სასახლეში გამართულ შეხვედრას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში