სააკაშვილი ყველაზე უპასუხისმგებლო ძალის ლიდერია, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ - ნათია თურნავა

24 მაისი 2021, 14:23 1018 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ  განცხადებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს.

ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო - ერთი, ეს არის ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც გვირჩევს, რომ უარი ვთქვათ, მეორე, ეს არის ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან და მესამე, ეს არის გაზის იმპორტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელმაც იწვნია თვითონ საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას,“- განაცხადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში