„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - ადგილზე ხმაურია

24 მაისი 2021, 16:56 1054 ნახვა

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.  "რიონის ხეობის" მცველებთან მივიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

"თქვენ ხელოვნურად აფერხებთ მოძრაობას, დაკეტეთ გზის სავალი ნაწილი რისი უფლებაც არ გაქვთ. გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლოთ. არ გიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას. შეგიძლიათ მშვიდობიანი ფორმით გამოხატოთ ეს პროტესტი, გადაინაცვლოთ ისეთ ადგილას, სადაც არ შეუშლით ხელს ავტომობილების გადაადგილებას"-განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დრომდე პრობლემურად რჩება მიწის რეფორმა, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ინვესტორს ტერიტორიები მიზერული თანხის სანაცვლოდ გადასცეს. 

''როდესაც ვამბობთ, რომ "ნამახვანჰესი'' არის სისტემური პრობლემების სახე, ამაში იგულისხმება ბევრი რამ. ერთ-ერთი არის მიწის  კანონი, რომელიც არ გვაქვს მოწესრიგებული და იძლევა საშუალებას, რომ არასწორად განიკარგოს ის რესურსი, რაც ყველა ჩვენთაგანისაა. პროტესტი არ გულისხმობს, მხოლოდ იმას, რომ ენერგოსექტორი გაჯანსაღდეს და არსებითად გადავერთოთ იმ რელსზე, რომელიც განვითარებას მოგვიტანს. მიწის კანონმა თავი იჩინა "ნამახვანჰესის" პროექტში. ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, რომ თუ კი ის ჩათვლით საჭიროდ, პრაქტიკულად მთელი ხეობა გააჩუქოს მიზერულ ფასად, გადავიდეს ის კერძო სექტორის ხელში.

ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ სახე, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც განვკარგავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. სხვისას არაფერს არ ვითხოვთ. 

ქართველ ხალხს აქვს უფლება დასვას კითხვა და თუ ვერ მიიღებს პასუხს, მაშინ არ მისცემს ხელისუფლებას უფლებას თავისი ვიწრო პირადი ინტერესებისთვის იმსახუროს საზოგადოება'' - ამბობს გოლეთიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში