ორჯერ ვაქცინირებულ პირებს კოვიდ სერთიფიკატების მიღება შეუძლიათ - ამირან გამყრელიძე

25 მაისი 2021, 13:21 1632 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ სერთიფიკატი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე გადასცა.

მისივე განმარტებით, შესაბამისმა დაწესებულებამ სადაც პირი აიცრა და  ბაზის იუზერი გააჩნია, შეუძლია ამოიღოს ამ პიროვნების შესახებ აღნიშნული სერთიფიკატი, მასზე დატანებულია შესაბამისი კოდი, რომელიც შეიცავს მონაცემებს თუ რომელ რიცხვშია აცრილი აღნიშნული პიროვნება. 

"მას კავშირი აქვს ჩვენს ბაზასთან და შესაძლებელია ნახონ თუ როდის აქვს გაკეთებული ბოლოს PCR ტესტი. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, იმის შესახებ, იყო თუ არა იგი ბოლო 6 თვის განმავლობაში ინციფირებული. ეს სამი კომპონენტი ამ სერთიფიკატზე ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე განმარტებით, უმრავლესობა ითხოვს ჯერ-ჯერობით ორჯერადი ვაქცინაციის სტატუსს და ეს ეძლევათ იმ დაწესებულებების მიერ სადაც ისინი იცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინის ორივე დოზით აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული ბენეფიტების დაწესებაზეც  მუშაობა გრძელდება.

"ეს ეხება ე.წ მწვანე კორიდორებს, რესტორნებში მწვანე სივრცეებს, სადაც ორჯერადად აცრილ ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ ყოფნა. ასევე საუბარია პირბადესთან მიმართებაში, მაგრამ არა ამ ეტაპზე სანამ, გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება.

ჩვენი წინადადებაა, რომ მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა მოვხსნათ. არის ბენეფიტები, რომლებზეც ვსაუბრობთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებები მიღებული არ არის"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სულ 17 000 ადამიანია ორჯერადად აცრილი. გამყრელიძე ამბობს, რომ ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში ორჯერადად აცრილი იქნება 60-70 ათასი ადამიანი და პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების საკითხი  აქტუალური შემდეგ გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში